ასაკის მატების, წონის მატება/კლების და სხვა ფაქტორების შედეგად კანი თხელდება და კარგავს ელასტიკურობას. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ორგანიზმის მიერ ელასტინის და კოლაგენის გამომუშავება, მცირდება კანქვეშა ცხიმის ფენა, რაც იწვევს კანისა და ქსოვილების დეფორმაციას.
მოშვებული კანის კორექცია ხდება ქირურგიული პროცედურით, რომელიც ცნობილია ბრაქიოპლასტიკის სახელით. მკლავის ქვედა ნაწილში ხდება ზედმეტი კანის და ცხიმის მოშორება და მოშვებული კანის ლიფტინგი.
მკლავის ლიფტინგის პროცედურის ჩატარებამდე, ოპერაციის ტექნიკების, მოლოდინების, შესაძლო უარყოფითი შედეგებისა და რისკების შესახებ საჭიროა პლასტიკურ ქირურგთან კონსულტაცია.
მკლავის ლიფტინგის პროცედურას, ასაკის მატებისა და წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად, მკლავის მოშვებული შიდა და ქვედა ზონის კორექციისთვის მიმართავენ. შედეგად მკლავის კონტურები სწორდება და კანს ენიჭება მკვრივი და გლუვი იერი.
სხეულის საკორექციო ოპერაციების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას სხეულის პროპორციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება.
ბუნებრივი და სასურველი შედეგის მისაღებად უნდა გაესაუბროთ პლასტიკურ ქირურგს.
ქვემოთ ჩამოთვლილია მკლავის ლიფტინგის ოპერაციის პოტენციური რისკები
• კელოიდური ნაწიბურის განვითარება
• კანის მგრძნობელობის შეცვლა
• ჭრილობის არასწორი შეხორცება
• ასიმეტრია
• ინფექციის განვითარება
• სისხლდენა ან ჰემატომა
• ჭრილობის არეში სითხის დაგროვება
• ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები
თანამედროვე მედიცინის განვითარების მიუხედავად, შეუძლებელია რისკების 100%-ით თავიდან აცილება.
პროფესიონალი პლასტიკური ქირურგების გუნდი მიმართავს ყველა ზომას გართულებების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად. ისინი ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს აწვდიან ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილი რისკებისა და გართულებების შესახებ და ეხმარებიან შიშის და სტრესის დაძლევაში.
წინა მოსამზადებელი პერიოდი მედიკანას ყველა საავადმყოფოსთვის საერთოა.
ბრაქიოპლასტიკის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღების და პლასტიკურ ქირურგთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გატარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები:
ოპერაციის წინა პერიოდში აუცილებელია თამბაქოს მოხმარების და იმ პრეპარატების მიღების შეწყვეტა, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს. ასევე მიიღება გადაწყვეტილება სხვა პრეპარატების ან საკვები დანამატების შესახებ, რომლებსაც პაციენტი ოპერაციამდე იღებდა.
კონსულტაციის დროს საგულდაგულოდ ფასდება მკლავის ქვედა ნაწილის მდგომარეობა. პაციენტს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პოსტოპერაციული ნაწიბურის წარმოქმნისა და ადგილმდებარეობის შესახებ. ვინაიდან ეს ადგილი ნაკლებად ხილვადია, ბრაქიოპლასტიკის დროს განაკვეთი კეთდება იღლიასთან ახლოს.
ოპერაციამდე გარკვეული დროით ადრე პაციენტმა უნდა შეწყვიტოს საკვების და სასმლის მიღება, რის შესახებაც მას წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია.
პოსტოპერაციული პერიოდის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ დაიგეგმოს საავადმყოფოდან გაწერის შემდგომი ქმედებები.
მკლავის ლიფტინგის პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს დამოუკიდებლად ან კომპლექსურად სხვა კოსმეტიკურ ოპერაციებთან ერთად (აბდომინოპლასტიკა, მკერდის გადიდება/დაპატარავება, ბარძაყების ლიფტინგი, ლიპოსაქცია). განსაკუთრებით კარგი შედეგი მიიღწევა ლიპოსაქციასთან კომბინაციაში.
ბრაქიოპლასტიკა ზოგადი ანესთეზიით ან სედაციით მიმდინარეობს. ოპერაციის დროს ხდება ზედმეტი კანისა და ცხიმის მოკვეთა და კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაჭიმვა, რის შემდეგაც ჭრილობას კერავენ. ოპერაციის დასრულებამდე სისხლისა და პლაზმის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით ჭრილობაში ათავსებენ დრენაჟს. ბოლო ეტაპზე ხდება ჭრილობის გადახვევა.
ექიმის მიერ მითითებული დროის მანძილზე ჭრილობა დაფარული უნდა იყოს რბილი სახვევით და სასურველია ხელი გქონდეთ აწეულ მდგომარეობაში, რაც ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და სისხლჩაქცევების თავიდან აცილებას.
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს ტკივილი, შეშუპება და სისხლჩაქცევები კანზე. ეს სიმპტომები თავისთავად ალაგდება რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
წარმოქმნილი ნაწიბურის ფერი ნელ-ნელა ღიავდება მაგრამ ვერასოდეს გაუთანაბრდება კანის ბუნებრივ ფერს. გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჭრილობა მზის სხივებს უნდა მოარიდოთ დაახლოებით 1წლის განმავლობაში.
პოსტოპერაციულ პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს უმნიშვნელო ტკივილები.მიუხედავად ამისა ექიმი ნიშნავს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
თუ ჭრილობის გასაკერად გამოყენებულია არაგაწოვადი ძაფი და ჭრილობაში მოთავსებულია დრენაჟი, მათი მოხსნის შესახებ პაციენტის ინფორმირება ხდება ქირურგის მიერ, ძირითადად ოპერაციის შემდგომი პირველი კონსულტაციის დროს.
პლასტიკური ქირურგის მიერ პაციენტის ინფორმირება ხდება ასევე დაკვირვების ქვეშ ყოფნის ან საავადმყოფოში დარჩენის საჭიროების შესახებ.
ანესთეზიის ზემოქმედების გავლის შემდეგ პაციენტს შეუძლია დაიწყოს სიარული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
საავადმყოფოდან გაწერამდე, პლასტიკური ქირურგი გასცემს რეკომენდაციას სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობის და შესასრულებელი მსუბუქი ვარჯიშების შესახებ. გარკვეული დროის მანძილზე პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მძიმე სამუშაოს შესრულებას.
პოსტოპერაციული პერიოდის შემსუბუქებისა და საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ექიმის მითითებების შესრულება. ამიტომ საავადმყოფოდან გაწერამდე მიზანშეწონილია პლასტიკურ ქირურგთან კონსულტაცია.
პლასტიკური ქირურგი განსაზღვრავს ასევე შემდგომი ვიზიტების გეგმას. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, თუ ჭრილობის არეში იგრძნობთ სიწითლეს ან სიმხურვალეს, აღინიშნება ტემპერატურის მატება ან შენიშნავთ ოპერაციასთან დაკავშირებულ სხვა რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს პლასტიკურ ქირურგს.
ზედმეტი კანისა და ცხიმის მოშორების შემდეგ მკლავი იძენს სიმკვრივეს და უფრო ესთეტიკურად გამოიყურება.
ექიმის რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, ოპერაციის შედეგი ხანგრძლივი დროით ნარჩუნდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბერების პროცესის შეჩერება შეუძლებელია.